გიორგი გახარია - იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არა“-ს თქმა, ეს „არა“ ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული
გიორგი გახარია - იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არა“-ს თქმა, ეს „არა“ ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული

აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე პერიოდში ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება, თქვენი სრული ჩართულობით იქნება მიღებული, ოღონდ მოლოდინიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა ბიზნესოაციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, სადაც მთავრობას პასუხად უწევს „არა“-ს თქმა, ესეც ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული.

„იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არა“-ს თქმა, ეს „არა“ უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, „არა“-ც პასუხია“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ყველაზე სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში, პასუხს „არა“ ყველაზე დიდხანს ელოდება ბიზნესი და კომპანია.

„თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, აფასებთ დროს. ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბიზნესთან ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ყველა საკითხი, რომელთა გადაწყვეტა მთავრობის მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეჟიმშია შესაძლებელი, გადაწყვეტილი იქნება.