„სასტუმროს ოთახების მართვის“ პროფესიული გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე რეგისტრაცია ცხადდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროფესიული გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამა შემუშავებულია შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის გამოცდილების გათვალისწინებით და განხორციელდება სფეროს წამყვანი კომპანიების, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.
პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოსა და შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერტიფიკატს მიიღებენ. აღნიშნული მოკლევადიანი პროგრამა ფინანსდება საქართველოს, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
პროგრამაზე რეგისტრაცია 16 ივნისის ჩათვლით შესაძლებელია ვებგვერდზე www.vet.emis.ge. სწავლა რეგისტრაციის დასრულებისთანავე დაიწყება და 18 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით პროგრამის თეორიული კომპონენტი განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული, საირმის სასტუმროში.
საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია გასულ წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანამშრომლობით დაარსდა და რეგიონული ჰაბის როლს ასრულებს.
აკადემია წელიწადში 200 ახალგაზრდას, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც ამზადებს, რომლებიც დასაქმდებიან ტურიზმის სფეროში.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესამსახური ავრცელებს.