სასტუმროებისთვის, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, მთავრობა ხუთ მილიონამდე სესხის 80 პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს
სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა არის 20 მილიონ ლარამდე, დავასუბსიდირებთ ხუთ მილიონამდე სესხის 80 პროცენტით, რაც იქნება ასევე სერიოზული მხარდაჭერა დარგის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ტურიზმი რომ ეფექტურად გაიხსნას, ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, დარგს სჭირდება კონკრეტული დახმარება, მათ შორის ფინანსური, რათა იყოს ფორმაში, რომ 15 ივნისიდან და პირველი ივლისიდან შესაბამისად, იყოს მზად, მიიღოს სტუმრები. ამისთვის ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, მთავრობამ, გუნდმა შევიმუშავეთ ღონისძიებები, რათა მხარი დავუჭიროთ პოსტკრიზისული აღორძინების ეტაპზე ტურისტულ სექტორს და არა კრიზისულ ეტაპზე, რაც უკვე გაკეთებულია. ეს არის პირველი ეტაპი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ.
მისივე თქმით, ტურიზმის სექტორისთვის რამდენიმე მნიშვენლივანი ეტაპი არსებობს.
„ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან 2020 წლისთვის და ეს არის დარგისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების გადასახადები გადავადდება ცხრა თვით, წლის ბოლომდე. შემდეგ ვნახავთ, აქ ვერ დავპირდებით საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომ ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია. მოგეხსენებათ, რომ კრიზისის მართვის პირობებში 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით და გავაკეთეთ, რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას, სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა არის 20 მილიონ ლარამდე, დავასუბსიდირებთ ხუთ მილიონამდე სესხის 80 პროცენტით, რაც იქნება ასევე სერიოზული მხარდაჭერა დარგის განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.