სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.
ღონისძიება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მის პირველ მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძესთან ერთად წარადგენენ.
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს სამუშაოები დაიწყო ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, როგორიც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთია, დღეის მდგომარეობით, სამუშაოები მიმდინარეობს ორ მონაკვეთზე, ხოლო დარჩენილი ორი მონაკვეთიდან, პირველ მონაკევთზე სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა, ბოლო მონაკვეთზე კი, წინადადებების მიღება მიმდინარეობს. ორი თვის განმავლობაში ხელშეკრულება გაფორმდება როგორც რიკოთის საუღელტეხილო გზის ყველა მონაკვეთზე, ასევე ქვეშეთი-კობის 22.7 კმ-იანი გზისა და ცხრა კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზეც.
ამასთან, უწყების ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში უპრეცედენტო მოცულობის თანხა – 397 838 275 ლარი დაიხარჯა, როცა გასულ წელს ამავე პერიოდში 291 602 962 ლარი იყო დახარჯული. შესაბამისად, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 36.4 პროცენტით მეტი თანხაა დახარჯული.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე საავტომობილო გზების დეპარტამენტი 550 კმ. გზის რეაბილიტაციას განახორციელებს. ექვსი თვის განმავლობაში, რეაბილიტირდა 200 კმ-მდე გზა და განხორციელდა 10 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მათ შორის, რეაბილიტირდა, ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი-თონეთის 26 კმ-იანი და ჭრბალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 25.8 კმ-იანი გზა. რეაბილიტაცია უტარდება ისეთ გზებს, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იან და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იან გზებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება და 2019 წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 350 კმ-გზის რეაბილიტაციის დასრულება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთის გზების პროექტების ფარგლებში, სამუშაოებს რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს საჩხერე-რაჭის, ბაღდათი-აბასთუმნის, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებებზე, ასევე დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
ამასთანავე, სამინისტროს ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის ხორციელდება ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის, ოკაცეს კანიონთან მისასვლელი გზისა და ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის გზის რეაბილიტაცია.
გზების რეაბილიტაციის გარდა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამუშაოები განხორციელდა სტიქიის პრევენციის, ლიკვიდაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმართულებითაც.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ექვსი თვის განმავლობაში სულ 228 ტენდერი გამოცხადდა და 541 103 278 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტი 1 302 050 000 ლარს შეადგენს.