სასტუმრო „რედისონში“ სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმრო „რედისონში“ სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „რედისონში“ სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ გახსნეს.

ერთწლიანი ანგარიში სასამართლო სისტემის ოთხ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას ეხება – დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების, სასამართლო სისტემის ხარისხისა და ეფექტიანობის, ასევე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციისას ითქვა, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სასამართლო სისტემის რეფორმისთვის სამუშაო ჯგუფებმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეასრულეს მნიშვნელოვანი აქტივობები.

შესრულებული სამუშაოს შესახებ შედგა პროგრესანგარიში, რომლის მიზანია სტრატეგიის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობის გაცნობა საზოგადოებისთვის: 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით, დადგინდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გარანტიები ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც და განისაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში.

სასამართლოს რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით დარეგულირდა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და კონკურსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურები.

შეიქმნა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. იზრდება მისი საკანონმდებლო გარანტიები.მას მიეცა დამოუკიდებელი დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა.

სამსახურს ვებგვერდზე ექვსთვიანი შესრულებული სამუშაოს ანგარიშის გამოქვეყნების ვალდებულება აქვს. სასამართლოში საქმეთა გაჭიანურების, ჭარბი ნაკადისა და სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებით სასამართლოებში ჩამოყალიბდა ვიწრო სპეციალიზაციები და გაიზარდა დასაქმებულ მოხელეთა რაოდენობა. ამასთან, სასამართლო დარბაზების პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის მიმდინარეობს ფლიგელის მშენებლობა.

2017 წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს მასშტაბით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა ამოქმედდა. ექვსი თვის განმავლობაში (30 ივნისის ჩათვლით) აღნიშნული სისტემის მეშვეობით, სულ 136 348 საქმე და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადანწილდა. ამავე ანაგრიშის მიხედვით, შემუშავდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018-2019 წლების მედიაციის საკომუნიკაციო სტრატეგია. დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გაძლიერების მიზნით 2017-2018 წლებში უკვე ჩატარდა ოთხი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 104 პირი. ამოქმედდა სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; გაფართოვდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენების გეოგრაფიული და საკანონმდებლო არეალი.

ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით 2017 წელს განხორციელდა ნაფიც მსაჯულთა საქმეების განმხილველი მოსამართლეების ორი სასწავლო ვიზიტი აშშ-ის ჯორჯიას შტატში. ყველა სასამართლო, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შეიქმნა, აღიჭურვა სათანადო ინფრასტრუქტურით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებს დაემატა შშმ პირთათვის ადაპტირების სამოქმედო გეგმისა და პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავება. საერთო სასამართლოების დეპარტამენტს კი დაევალა სასამართლოებში შშმ პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ადაპტირებული სერვისებისა და პროგრამების შეთავაზების უზრუნველყოფა.