სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ეფექტიანობის შესახებ კვლევის შედეგები წარდგინეს
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ეფექტიანობის შესახებ კვლევის შედეგები წარდგინეს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ეფექტიანობის შესახებ ანალიტიკური კვლევის შედეგები წარდგინეს.

კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით, ასევე დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ხელშეწყობით განხორციელდა.

როგორც ღონისძიების დაწყებამდე საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა განაცხადა, 2020 და 2021 წლის არჩევნების შედეგად ქართულ პოლიტიკაში მეტი ქალი მოხვდა. მისივე თქმით, ეს კარგია ქვეყნისთვის, აძლიერებს დემოკრატიას და საქართველო ამ კუთხით პროგრესს აღწევს.

„ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვისაუბროთ პოლიტიკაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმომადგენლობაზე. ძალიან მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ საქართველო აღწევს პროგრესს ამ კუთხით. 2020 და 2021 წლის არჩევნების შედეგად ქართულ პოლიტიკაში მეტი ქალი მოხვდა. ვფიქრობ, ეს კარგია ქვეყნისთვის, აძლიერებს დემოკრატიას. ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკაში თანაბარ წარმომადგენლობას შედეგად მოჰყვება უკეთესი პოლიტიკა ყველა სფეროში, იქნება ეს ეკონომიკა, უსაფრთხოება თუ ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ასე რომ, დღეს ჩვენ განვიხილავთ UNDP-სა და NDI-ს კვლევას, რომელშიც შეფასებულია, რა შედეგები მოჰყვა გენდერულ კვოტირებას – მექანიზმს, რომელიც ამ დროისთვის არჩეულია საქართველოს მიერ, როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება სამომავლოდ.

მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით პროგრესის გაგრძელება არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის 12 პრიორიტეტს შორის. ასე რომ, პოლიტიკაში უფრო თანაბარ წარმომადგენლობაზე მუშაობის გაგრძელება ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შვედეთის ელჩმა.

ამასთან, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელის ნიკ ბერესფორდის განცხადებით, გენდერულ კვოტირებას პოზიტიური ეფექტი აქვს, თუმცა გენდერული თანასწორობის მისაღწევად კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ახალი ანგარიშის პრეზენტაციაზე. ეს ანგარიში ცხადყოფს, რომ გენდერულ კვოტირებას აქვს პოზიტიური ეფექტი. ჩვენ დავინახეთ, რომ ქალი დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა 14-დან 24-მდე, თუმცა ანგარიში ასევე აჩვენებს კომპლექსურ პრობლემას, რომ გასაკეთებელი უფრო მეტია, თუ ნამდვილად გვსურს გენდერული თანასწორობის მიღწევა. ვფიქრობ, ეს ეხება პოლიტიკურ პარტიებსა და სხვა ინსტიტუტებს“, – ნიკ ბერესფორდმა.