სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამოკვლეულ 285 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამოკვლეულ 285 პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს ადმინისტრაცია ავრცელებს.
სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, „დრიმლენდ ოაზისში“ დანარჩენი სტუმრებისა და პერსონალის ბიოლოგიური მასალის კვლვის პროცესი ამ დრომდე გრძელდება და საბოლოო შედეგები სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის სასტუმროში 924 ადამიანი იმყოფება. იქ შესვლა-გამოსვლა კვლავაც აკრალულია.
„ამ დროისათვის ცნობილია 300-მდე პირის კვლევის შედეგი და ყველა უარყოფითია. ველოდებით დანარჩენი კვლევების პასუხებს, ლოდინის რეჟიმში ვართ, ვიდრე ბოლომდე არ გვეცოდინება, მანამდე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და ისევ ვერ ვაძლევთ სტუმრებს სასტუმროს დატოვების უფლებას“, – განაცხადა სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, გვანცა ხაინდრავამ.
მენეჯერის თქმით, „დრიმლენდ ოაზისის“ სტუმრები ტერიტორიიდან გასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.
სასტუმრო გუშინ ჩაიკეტა. მიზეზი სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ერთ-ერთი მედიკოსი გახდა, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.