გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა საშობაო მილოცვაში ყურადღება ჰარმონიისა და შერიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ელისაბედ მეორემ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ 2019 წელი, ბრექსიტის გამო, დიდი ბრიტანეთისთვის რთული აღმოჩნდა.
93 წლის მონარქის თქმით, „პრობლემების მიუხედავად, რწმენითა და იმედით გადადგმული პატარა ნაბიჯებით სირთულეების დაძლევა შესაძლებელია“. ელისაბედ მეორეს საშობაო მიმართვა უინძორის ციხესიმაგრეში ჩაწერეს და ის გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
დიდი ბრიტანეთში 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნები გაიმართა. შედეგად, კონსერვატიულმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2020 წლის 31 იანვრამდე დატოვებს.