საშემოდგომო სესიის პირველ კვირაში პარლამენტი ამნისტიის, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავს
მთავარი საკითხები მიმდინარე სასესიო კვირას გახლავთ „ამნისტიის შესახებ კანონი“, რომელსაც მეორე მოსმენით განვიხილავთ, ასევე „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი“, რომელსაც ასევე მეორე მოსმენით განვიხილავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ასევე შეირჩევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
„ასევე, იქნება ერთი დაჩქარებული კანონპროექტი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ოთხშაბათი, ხუთშაბათი გვექნება დაჩქარებული კანონპროექტების განხილვა. ხვალ პოლიტიკური განცხადებები გვექნება, კენჭისყრა არ გვექნება დიდი ალბათობით. ოთხშაბათს გვექნება უკვე დაჩქარებული კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრა. ოთხშაბათს იქნება ერთი კენჭისყრა და ხუთშაბათს – ორი. გარდა ამისა, თავისუფალი ტრიბუნაც არის დაანონსებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.