სასამართლოს ცნობით, ალეკ ბოლდუინმა ფატალურ გასროლამდე არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები იდო
სასამართლოს ცნობით, ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ფატალურ გასროლამდე არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები იდო.
როგორც სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, გადასაღებ მოედანზე ფატალურ გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე მსახიობ ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ ის უსაფრთხო იყო.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ეპიზოდის გადაღების დაწყებამდე არც ასისტენტმა იცოდა, რომ პისტოლეტში საბრძოლო ვაზნები იდო, რადგან მან პროტოკოლით გათვალისწინებული ფრაზით უთხრა მსახიობს იარაღის უსაფრთხოების შესახებ.
ამასთან, „ბიბისიმ“ მოიპოვა ტრაგედიის მომენტში გადასაღებ მოედანზე მყოფ ადამიანთა ნუსხა, რომელშიც აღნიშნულია იმ პირის ვინაობაც, რომელსაც იარაღის უსაფრთხოების შემოწმება ევალებოდა. ტელეკომპანიის ცნობით, ის 29 წლამდე ასაკისაა და ამ პოზიციაზე პირველად მოუწია მუშაობა.
შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს ნიუ მექსიკოს შტატში გადასაღებ მოედანზე ცნობილმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით გაისროლა, რასაც ფილმის ოპერატორის, 42 წლის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე ემსხვერპლა, კინოსურათის რეჟისორი ჯოელ სოუზა კი დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოდან გაწერეს.
თავად მსახიობმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო „შოკირებულია“. 63 წლის ბოლდუინმა მიუსამძიმრა გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თეთრი სახლის პრესსპიკერმაც, რომელმაც მომხდარს ტრაგედია უწოდა.
მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს გამოძიება.