ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ში მივიდა და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ს კუთვნილ თანხას – 5055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2018 წლის 25 იანვარს ზ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.