სასამართლომ იმედა დარსალიას საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უთხრა უარი
იმედა დარსალიას საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სრულად ეთქვა უარი.
იმედა დარსალია საზოგადოებრივ მაუწყებელს უყენებდა მედიისთვის ყველაზე მძიმე ბრალდებას – ცენზურის არსებობას და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, რაც მაუწყებლისთვის, მისი თითოეული თანამშრომლისთვის პრინციპულად მიუღებელი და ღირსების შემლახველია.
იმედა დარსალია მოითხოვდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, წამყვანის პოზიციაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია – იმედა დარსალიას, როგორც დასაქმებულის მხრიდან, ადგილი ჰქონდა ვალდებულებათა უხეშ დარღვევას; მოცემულ შემთხვევაში, იმედა დარსალიას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანის მხრიდან, თავის საქმიანობასთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც საკითხის მოკვლევის ფარგლებში ვერ მოხდა, ერთმნიშვნელოვნად ზიანის მომტანი იქნებოდა პირველი არხის რეპუტაციისთვის.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიაორგანიზაციების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მედია თავისუფლების ფარგლებში თითოეული მაუწყებელი თავად განსაზღვრავს ამ მხრივ სტრატეგიას და, შესაბამისად, იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც მედიის გადაწყვეტილებით ქმნის იურიდიული პირის საქმიან რეპუტაციას. ამ მიზნის მისაღწევად კანონი მაუწყებელს სწორედ ამ სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით აძლევს შესაძლებლობას, დააწესოს კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის გარკვეული მოთხოვნები, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც აკისრიათ მომეტებული პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და აღნიშნული არ წარმოადგენს დისკრიმინაციას“.
სასამართლოს შეფასებით, იმედა დარსალიას ვალდებულებას წარმოადგენდა, მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია დაედასტურებინა მტკიცების მაღალი სტანდარტით, რომელიც ნებისმიერ ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის უტყუარობაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, იმედა დარსალიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე არ დასტურდება, მისი მხრიდან გავრცელებულმა, ფაქტებით დაუდასტურებელმა ინფორმაციამ კი ერთმნიშვნელოვნად გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაცია.
საბოლოოდ, სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ფაქტს, რომ იმედა დარსალიას მხრიდან ადგილი ჰქონდა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ არასწორი, დაუდასტურებელი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებაში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმედა დარსალიას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს და მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე