სასამართლომ გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო
სასამართლომ გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე  ბრალდებული, თბილისის ყოფილი მერი – გიგი უგულავა, მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი – დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.  ამავე საქმეზე  ბრალდებული ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე კი, დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქ. თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისის  მერიამ დააფუძნა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდი“. ქ.თბილისის მერმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ – გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, ააიპ  „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.

„2011 წლის ნოემბერში, მერიის მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, უგულავას დავალებით, „თბილისის განვითარების ფონდში“ ფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის  სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს. დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხა, რაც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივისტებს – უბნის უფროსებსა  და მიკრო კოორდინატორებს. ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან – 2012 წლის ივნისის ჩათვლით პარტიული ინტერესებისთვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 13 852 497 ლარი.

მოგვიანებით, 2012 წლის  ივნისიდან – ოქტომბრის ჩათვლით, უგულავას დავალებით, პარტიული აქტივისთვის დასარიგებელი სახელფასო თანხა  ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან საბანკო ჩეკების გამოყენებით გამოჰქონდათ დანაშაულთან კავშირში მყოფ სხვა პირებს, რომელიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 34 328 463 ლარი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გიგი უგულავას და მერიის მაღალჩინოსნების მიერ, პარტიული ინტერესებისთვის, მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 48 180 960 ლარი, რომელიც მოხმარდა არა თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. ასევე, 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით, ფონდის სახსრებით მართლსაწინააღმდეგოდ დაფინანსდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია და პარტიის ლიდერების შეხვედრები მხარდამჭერებთან, რაშიც გაიფლანგა თბილისის მერიის კუთვნილი საბიუჯეტო სახსრები 719 862 ლარი.

უგულავას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

იმის გამო, რომ უგულავა სისხლის სამართლის სხვა საქმეზე პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა, მას აღნიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა აღარ მოუწევს.

დავით ალავიძეს განესაზღვრა 1 წლის და 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დავით ავალიანს განესაზღვრა 1 წლის და 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ალექსანდრე თაბუაშვილს ასევე, განესაზღვრა 1 წლის და 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით  6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

გიორგი საბანაძეს კი, განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.