სასამართლომ დაადგინა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადე უნდა ატაროს
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადე უნდა ატაროს

ბრაზილიის სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ დედაქალაქსა და მიმდებარე ფედერალურ ოლქებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას პირბადე უნდა ატაროს.

წესების დარღვევისთვის კი, მას და სხვა სახელმწიფო მოხელეებს ყოველდღიურად 400 დოლარამდე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

როგორც „ბიბისი“ წერს, შესაბამისი დადგენილება ბრაზილიის ფედერალურმა მოსამართლემ რენატო ბორელიმ მიიღო.

ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი უარს აცხადებს პირბადის ტარებაზე და კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს. ის ხშირად ჩნდება საზოგადოებაში პირბადის გარეშე და სოციალური დისტანცირების გარეშე ხვდება მხარდამჭერებს.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ერთ-ერთ აქციაზე დააფიქსირეს, როგორ ახველებდა ჟაირ ბოლსონარუ ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე, კიდევ ერთი შეკრების დროს კი, მან დააცემინა, რა დროსაც ხელი პირზე აიფარა, შემდეგ კი, ხელი ხანდაზმულ ქალს ჩამოართვა.

ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.