სასამართლომ ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში თაღლითობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო
ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თაღლითობის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ანდრეი ბაბიში ევროკავშირის ფონდებიდან გამოყოფილი თანხების უკანონოდ მითვისებაში იყო ბრალდებული.
ვერდიქტის გამოცხადებისას მოსამართლე იანა სკოტმა თქვა, რომ მთავრობის ყოფილი მეთაურის ქმედებებში დანაშაული ვერ გამოვლინდა.
ბრალდების მხარე ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის პირობით პატიმრობას და ათი მილიონი კრონის ოდენობით ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. პროკურატურას აქვს უფლება, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
გამოძიების მიხედვით, ანდრეი ბაბიშმა ევროკაშირის მიერ გამოყოფილი ორი მილიონი ევრო, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდსასაჭერად იყო განკუთვნილი, პრაღის სიახლოევს სასტუმროს მშენებლობისთვის გამოიყენა. მოგვიანებით, ამ სასტუმროს მფლობელები ბაბიშის ოჯახის წევრები გახდნენ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც სასტუმრო აშენდა, ჯერ კიდევ 2006 წელს ბაბიშის კუთვნილმა კომპანიამ შეისყიდა. ბრალდებამ მიიჩნია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს ინფორმაცია განზრახ დამალა, რათა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა მიეთვისებინა.
საქმის გამოძიება რამდენიმე წელს გრძელდებოდა. 2022 წლის მარტში ჩეხეთის პარლამენტმა, პროკურატურის მოთხოვნით, ანდრეი ბაბიშს დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა.
თავად ბაბიში, რომელიც წელს ჩეხეთის პრეზიდენტად იყრის კენჭს, თავს უდანაშუალოდ მიიჩნევდა და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. არსებული ინფორმაციით, ანდრეი ბაბიში საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი ფავორიტია.