სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომის ცნება ახლებურად განიმარტება
სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომის ცნება ახლებურად განიმარტება

სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომის ცნება ახლებურად განიმარტება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით კონკრეტდება, რომ დისციპლინური გადაცდომა არის მოსამართლის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება.

ცვლილებებით, განისაზღვრება, რომ განზრახ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე აცნობიერებდა საკუთარი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, ხოლო გაუფრთხილებლობით დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე არ ითვალისწინებდა თავისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც მისი გათვალისწინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ბრალეული ქმედების ჩადენისთვის ანუ მხოლოდ მაშინ, თუ მას ობიექტურად შეეძლო და არ განუხორციელებია სათანადო ქმედება დისციპლინური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად.

ცვლილებებით, დისციპლინურ გადაცდომას არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად კი შეიცავს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ უფრო განჭვრეტადად გაიწერა მოსამართლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სახეები. კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის სახეები შვიდ კატეგორიად დაიყო – ქმედებად, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს; ქმედებებად, რომლებიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს; ქმედებებად, რომლებიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს; ქმედებებად, რომლებიც არღვევს წესიერების პრინციპს; ქმედებებად, რომლებიც არღვევს თანასწორობის პრინციპს; ქმედებებად, რომლებიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს; ასევე სხვა ქმედებად, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის სტატუსს.

პროექტში აღნიშნულია, რომ დისციპლინური გადაცდომის შემადგენლობები თითოეული კატეგორიის მიხედვით ჩამოყალიბდა.