სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა თურქეთს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეუმცირა
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა თურქეთს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეუმცირა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა თურქეთს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეუმცირა. სააგენტო ავრცელებს გაფრთხილებას, რომ თურქეთის ეკონომიკის ვარდნის „მნიშვნელოვან რისკებს“ ხედავს, რადგან ქვეყანა სავალუტო კრიზისში რჩება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Financial Times -ი ავრცელებს.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში Fitch-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თურქული ეროვნული ვალუტის, ლირის ვარდნა თურქეთის ეკონომიკის შენელებასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას გამოიწვევს.

თურქული ლირა აგვისტოში თითქმის მეოთხედით გაუფასურდა, წლის მანძილზე კი 40 პროცენტით. თურქეთში მოქმედი კომპანიები აცხადებენ, რომ ფინანსური ბაზრების მღელვარებამ უკვე დაარტყა მათ ბიზნესს, ხოლო ლირის მკვეთრმა ვარდნამ ინფლაციის მაჩვენებლის სწრაფი ზრდა გამოიწვია. აგვისტოში ინფლაციამ თითქმის 18 პროცენტი შეადგინა.

Fitch-ის განახლებული პროგნოზით, თურქეთის ეკონომიკა წელს მხოლოდ 3.8 პროცენტით გაიზრდება, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე სააგენტოს მიერ ივლისში გაკეთებული პროგნოზი. რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, Fitch-მა იგი ფაქტობრივად გაანახევრა და ადრე პროგნოზირებული 3.6 პროცენტიდან 1.2 პროცენტზე დაიყვანა.
სააგენტო თურქეთის ეკონომიკის 3.9 პროცენტიან ზრდას მხოლოდ 2020 წლისთვის ელოდება.

თურქეთის ეკონომიკა გასულ წელს 7.4 პროცენტით გაიზარდა. სააგენტო აღიარებს, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია არსებული ბუდნდოვანების გამო.

Fitch-ი არ გამორიცხავს, რომ ეკონომიკის ზრდის სავარაუდო სცენარი კიდევ უფრო გაუარესდეს, რადგან ხედავს მცდარ ნაბიჯებს პოლიტიკაში და მაღალი ფინანსური სტრესის რისკებს კერძო სექტორში, ასევე გეოპოლიტკური დაძაბულობისა და ქვეყნიდან კაპიტალის გადინების საფრთხეს.