საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 50 002.2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 12.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.1 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა და ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი – 8.8 პროცენტი; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 6.1 პროცენტი; ტრანსპორტი და დასაწყობება – 7.4 პროცენტი; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 14.3 პროცენტი; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 15.2 პროცენტი; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები – 8.9 პროცენტი; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 9.6 პროცენტი; განათლება – 8.8 პროცენტი.

ამასთან, კლება დაფიქსირდა სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვის, ასევე სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების სექტორებში (-2.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში (-2.1 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ასევე ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი – 14.4 პროცენტით და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 11.5 პროცენტით. ამასთან, მომდევნო პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა 10.1 პროცენტით, მშენებლობა – 8.6 პროცენტით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობები – 7.2 პროცენტით, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, ასევე სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 6.8 პროცენტით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 6.5 პროცენტით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები კი, 5.4 პროცენტით.

ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობამ 13 428.9 ლარი (4 763.5 დოლარი) შეადგინა.