საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ხანძრების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სულ 5 594 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 158 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 7 310 ადამიანი.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში 10 564 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 48 ადამიანი, ხოლო სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო 205-მა. ხანძრების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 380 შენობა-ნაგებობა განადგურდა.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია 15 დანაშაული და შსს-ს მიერ გახსნილია რვა საქმე.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, გასული წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 7 773 შეადგინა. აქედან 6 534 ქალია, ხოლო 1 239 – მამაკაცი.