საქსტატის დირექტორი განმარტავს, რას უკავშირდება ოქტომბერში ეკონომიკის 3.9-პროცენტიანი შემცირება
საქსტატის დირექტორი განმარტავს, რას უკავშირდება ოქტომბერში ეკონომიკის 3.9-პროცენტიანი შემცირება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი, გოგიტა თოდრაძე სექტორების მიხედვით განმარტავს, თუ რამ განაპირობა კლება. მაგალითად, თოდრაძის თქმით, ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად საჰაერო გადაზიდვების სფეროს შემცირებას უკავშირდება.

„ასევე, შემცირებულია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან, დასაწყობებასთან და შენახვასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობა. სასტუმროების და რესტორნების სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან. ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, დაახლოებით, 93 პროცენტით არის შემცირებული. ოქტომბერში ქვეყანაში განხორციელდა 50 000-მდე ვიზიტი, როდესაც გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 13-14-ჯერ მეტი იყო“, – განაცხადა თოდრაძემ.

თოდრაძის განმარტებით, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში კლების გამომწვევი ძირითადი მიზეზი აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების, ასევე სპორტის, დასვენებისა და გართობის ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის შემცირებაა.

„დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სამშენებლო მასალების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების – მათ შორის ღვინის და მინერალური წყლების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. ასევე, შემცირდა ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოების მოცულობა, საანგერიშო პერიოდში 16 პროცენტით შემცირდა ღვინის ექსპორტი; 10 პროცენტით შემცირდა მინერალური წყლების ექსპორტი და 33 პროცენტით შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

ამასთან, თოდრაძის განცხადებით, მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნება.

„ ძირითადად, სამოქალაქო და სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად, საინჟინრო ობიექტების მშენებლობა; ელექტროტექნიკური სამუშაოების შესრულება; წყალგაყვანილობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟი. ასევე, 22 პროცენტით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, მათ შორის ცემენტის იმპორტი 6.4 პროცენტით შემცირდა.

როგორც მოგახსენეთ, საფინანსო საქმიანობის სექტორში შეინიშნებოდა ზრდის ტენდენცია, რომლის გამოწვევ ძირითად მიზეზად სახელდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების შემოსავლის ზრდასთან“, – განაცხადა საქსტატის დირექტორმა.

დატოვე კომენტარი