საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 105.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 3 583.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 15.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი – 8 522.1 მილიონ აშშ დოლარს (ზრდამ 19.0 პროცენტი შეადგინა).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2023 წლის იანვარ-ივლისში 4 938.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 687.8 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 1 503.7 მილიონი აშშ დოლარითა და აშშ 1 023.1 მილიონი აშშ დოლარით.