საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 32.8 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 042.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 5 592.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 31.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 13 450.1 მლნ. აშშ დოლარს – ზრდა 33.2 პროცენტია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წელს 7 857.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: ჩინეთი – 736.8 მლნ. აშშ დოლარით, აზერბაიჯანი – 672.6 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 651.6 მლნ. აშშ დოლარით.