საქსტატი - ოქტომბერში ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგი ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ ინფლაციაზე 0.4 პროცენტით ნაკლები იყო და 0.2 პროცენტი შეადგინა
2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო.
საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2023 წლის ოქტომბერში ინფლაციამ 0.2 პროცენტი შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 0.6-პროცენტიან ინფლაციაზე.
რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – -2.5%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 6.6%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -1.9%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 3.3%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -2.1%; ჯანმრთელობის დაცვა – -3.4%; ტრანსპორტი – 0.4%; კავშირგაბმულობა, – -2.5%; დასვენება, გართობა და კულტურა – -3.3%; განათლება – 3.6%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 4.4%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 8.7%.