საქსტატი - იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 2 981.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 24.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ. აშშ დოლარს, რაც 21.6 პროცენტით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ- სექტემბერში, 4 047.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 480.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 145.0 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 078.2 მლნ. აშშ დოლარით.