საქსტატი - იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.0 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 700.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 173.9 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 2.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 526.9 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 6 353.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2 პროცენტია.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 085.3 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 1 636.2 მილიონი აშშ დოლარითა და აშშ – 1 278.8 მილიონი აშშ დოლარით.