იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 2 610.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს ანუ 26.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 6 072.7 მლნ. აშშ დოლარს, რაც 20.7 პროცენტით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარაგვისტოში, 3 461.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 286.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 011.9 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 941.3 მლნ. აშშ დოლარით.