საქსტატი - 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.1 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.1 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.1 პროცენტით, ანუ 200.4 ლარით გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5 პროცენტით);

მშენებლობა – 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8 პროცენტით).

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი – 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 251.8 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 190.7 ლარით, ანუ 10.0%-ით გაიზარდა და 2 105.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი – 4 069.3 ლარი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში და 3 289.2 ლარი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროში ფიქსირდება.

ამასთან, 2024 წლის მეორე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 216.7 ლარით (13.5%) გაიზარდა და 1 826.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.