საქსტატი - 2024 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა და 53 მილიარდ ლარს გადააჭარბა
საქსტატი - 2024 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა და 53 მილიარდ ლარს გადააჭარბა

2024 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც და 2024 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 20.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 66.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.1 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 18.4 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.0 პროცენტი, საშუალოზე – 24.3 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 29.7 პროცენტი.

საანგარიშო პერიოდში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.3 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 17.0 მილიარდი ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 3.8 პროცენტით აღემატება.

ამასთან, 2024 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 769.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.6 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.4 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 724.0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 657.0 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 13.5 პროცენტით აღემატება.

2024 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 105.5 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 190.7 ლარით. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 2 224.0 ლარი

საშუალო ბიზნესი – 2 538.1 ლარი

მცირე ბიზნესი – 1 653.6 ლარი.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 34.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.9-პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 8.5-პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.0-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.7-პროცენტიანი წილით, ხოლო 12.4 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

საანგარიშო პერიოდში, ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20.3 პროცენტი) და ვაჭრობა (19.0 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (18.1 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.5-პროცენტიანი წილი უჭირავს.

2024 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ, შესაბამისად, 28.4, 11.8 და 9.6-პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.2 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

საქსტატის ანგარიშით, დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 65.7 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.0 პროცენტი; იმერეთი – 6.7 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი; კახეთი – 2.8 პროცენტი; შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 1.7 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი – 1.4 პროცენტი; გურია – 0.9 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3 პროცენტი.