საქსტატი - 2024 წლის ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.2 პროცენტი შეადგინა
საქსტატი - 2024 წლის ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.2 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ – -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.65 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-6.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.6 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (2.3 პროცენტი), თევზეული (1.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.2 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.3 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (3.8 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (0.8 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.