საქსტატი - 2024 წლის ივლისში სისხლისსამართლებრივი დევნა 1 963 პირის მიმართ დაიწყო
საქსტატი - 2024 წლის ივლისში სისხლისსამართლებრივი დევნა 1 963 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 963 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 121 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.2 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 680 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 261, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში – 12 შემთხვევა.

2024 წლის ივლისში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 278 შემთხვევა; მუქარა – 290 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 228 შემთხვევა; ძალადობა – 142 შემთხვევა; გაუპატიურება – შვიდი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 5 შემთხვევა; თაღლითობა – 61 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 346 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 206 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 112 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – ცხრა შემთხვევა, მკვლელობის მცდელობის მუხლით კი ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.