საქსტატი - 2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 16 035 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება.
2019 წლის პირველ სამ თვეში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 17821 შეადგინა. თუ შარშან, პირველ სამ თვეში სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა შეადგენდა 792-ს, წელს ეს რიცხვი 833-მდე გაიზარდა.
ყველაზე მეტი – 6541 დანაშაული ჩადენილი იყო საკუთრების წინააღმდეგ; აქ იგულისხმება ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, ნივთის დაზიანება და ა.შ. შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულთა სტატისტიკა – 2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ამ სახის 2863 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3115-ს შეადგენდა.
ამასთან, შემცირებულია ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობაც და თუ შარშან, პირველ კვარტალში ეს რიცხვი 1295-ს შეადგენდა, წელს 1075-მდე შემცირდა.