საქსტატი - 2020 წლის ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 95.2 პროცენტმა ინტერნეტი სოციალური ქსელებისთვის გამოიყენა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2020 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 83.8 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 4.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში და შესაბამისად, 90.7 და 74.5 პროცენტი შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა და 93.5 და 91.9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 74.0 პროცენტმა, რაც 3.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 82.4 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 61.6 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 73.2 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 74.9 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 97.2 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.2%), ინტერნეტით აუდიო/ვიდეო კავშირი (86.1%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (54.9%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.4%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (47.6%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.5%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (34.7%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.9%) და სამუშაოს ძიება/ სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (14.2%).
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 21.3 პროცენტმა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით – საქალაქო დასახლებებში – 27.4 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 9.1 პროცენტი. სქესის მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობები ახლოსაა ერთმანეთთან (ქალებისათვის – 21.2%, კაცებისათვის – 21.4%), თუმცა განსხვავებულია ასაკობრივ ჯგუფებში – 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში – 37.3 პროცენტი, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში – 17.2 პროცენტი, 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 6.5 პროცენტი.
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 94.7 პროცენტმა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 95.6 პროცენტს, ხოლო კაცებისათვის – 93.6 პროცენტს შეადგენს. ამასთან, ასაკობრივ ჭრილში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (97.6%) 15-29 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 61.8 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 76.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 42.4 პროცენტი. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად – 81.4 და 69.6 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 60.7 პროცენტმა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით – საქალაქო დასახლებებში 72.8 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 42.6 პროცენტი. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 59.6 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში – 61.8 პროცენტს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 85.9 პროცენტი შეადგინა.
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში კომპიუტერის მომხმარებელთა 80.6 პროცენტი კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 12.8 პროცენტი – კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 6.6 პროცენტი კი – უფრო იშვიათად.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 86.5 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 91.1 და 79.7 პროცენტი შეადგინა.