2020 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობებზე გაიცა
2020 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობებზე გაიცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, 5 206,3 ათასი კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 30,9 პროცენტით ნაკლები) საქართველოში 2020 წელს გაცემულია 9 564 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 11,0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის ცნობით, ნებართვების 77,0 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53,5 პროცენტი თბილისზე, 9,6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 6,9 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

უწყების ინფორმაციით, 2020 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

„გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი თბილისზე, 14,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე“, – აცხადებენ საქსტატში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 2020 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 1 694,3 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 33,5 პროცენტით ნაკლები) 2 134 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14,9 პროცენტით ნაკლები).

დატოვე კომენტარი