საქპატენტში თუშური გუდას ასოციაციის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა
ქართველი ფერმერების, მეწარმეებისა და ასოციაციების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) ერთად, ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე მათი მარკეტინგული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ცოდნის გაღრმავებას კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.
პროექტის პირველ ეტაპზე, 2023 წლის ოქტომბერში, ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი საჯარო უწყებების, მათ შორის საქპატენტის თანამშრომლებისთვის, სადაც ყურადღება გამახვილდა გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის მართვის ასპექტებზე, კერძოდ, სპეციფიკაციებით განსაზღვრული ხარისხის მოთხოვნების შესაბამისობასა, განაცხადის შეფასების საკითხებსა და აღსრულების სხვადასხვა მექანიზმებზე. პროექტის ფარგლებში შეირჩა რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა „თუშური გუდა“, რომლის მაგალითზე ჩატარდა მიზნობრივი ორდღიანი ტრენინგი პროდუქტის მართვის, ბრენდინგისა და კომერციალიზაციის შესახებ. აღნიშნულ ტრენინგზე, რომელიც თუშური გუდის ყველის მწარმოებლების მონაწილეობით მიმდინარეობდა, განიხილეს თუშური გუდას სპეციფიკაცია, მისი წარმოების მეთოდები და არეალი. გარდა ამისა, ისაუბრეს აღნიშნული პროდუქტის ცნობადობის გაზრდის საშუალებებზე და ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის შესაძლებლობებზე.
ტრენინგზე გამოვლინდა ასოციაციის განახლების აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა და 24-25 იანვარს საქპატენტის სათავო ოფისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თუშური გუდას ასოციაციის წევრებისთვის. სწავლებას უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი – პასკალ ბერნარდონი. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ასოციაციის მართვის ძირითად პრინციპებს, შიდა კონტროლის სტრუქტურას და გარე საკომუნიკაციო სტრატეგიას. ტრენინგზე ასევე იმსჯელეს მიზნობრივი კომისიების დანიშნულებაზე,მათ შემადგენლობასა და უფლებამოსილებაზე. მუშაობის პროცესში განიხილეს ასევე ინსტიტუციური დაცვისა და პოპულარიზაციის მართვასთან დაკავშირებული ინიციატივები. ტრენინგზე ისაუბრეს „თუშური გუდას ასოციაციის საუკეთესო მარკეტინგული პრაქტიკის“ სახელმძღვანელოს შემუშავებაზე.
საქპატენტისა და WIPO-ს ერთობლივი პროექტი შერჩეული რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების მართვის, ბრენდინგისა და კომერციალიზაციის შესახებ 2024 წლის მარტში დასრულდება.
ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და წარმოშობაზე დაფუძნებული სხვა პროდუქტის სათანადო მართვა, ბრენდინგი და კომერციალიზაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებას და წვდომას რეგიონულ, ეროვნულ თუ საერთაშორისო ბაზრებზე.
ინფორმაციას საქპატენტის პრესსამსახური ავრცელებს.