საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე პატენტრწმუნებულებს შეხვდა.
საქპატენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე პატენტრწმუნებულთა სფეროში მიმდინარე რეფორმაზე, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების დარგში ბოლოდროინდელ სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
მათივე ცნობით, გასულ წელს საქპატენტმა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას პირველი მოსმენით მიიღო.
„საქართველოს კანონი პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვებასთან, რეგისტრაციასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს და შექმნის პატენტრწმუნებულთა ასოციაციის არსებობის სამართლებრივ საფუძველს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს ძალაში შევიდა შეთანხმება ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა და საქპატენტს შორის ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის შესახებ, რასაც წინ უსწრებდა საქართველოს საპატენტო კანონში გასული წლის 16 მაისს განხორციელებული ცვლილება, რითიც დასრულდა „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულების (ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება) შესრულების პირველი ეტაპი.
პატენტრწმუნებულის ინსტიტუტი საქართველოს სამართლებრივ რეალობაში შედარებით ახალი მოვლენაა, შესაბამისად, ქართული პრაქტიკა ამ მიმართულებით საკმაოდ მწირია, თუმცა ამჯერად, პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმის საფუძველზე, დაინერგება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ახალი სტანდარტი – სავალდებულო გახდება პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. შედეგად, ქვეყანაში ჩამოყალიბდება სრულიად ახალი, თანამედროვე ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება პროფესიულ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უკეთ დაცვას და, ზოგადად, დარგის განვითარებას.
მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები თავად პატენტრწმუნებულებიც, რომელთა რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი აისახა კიდეც კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში. საქპატენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე პატენტრწმუნებულებმა, სხვა გამოწვევებთან ერთად, ასევე ისაუბრეს საქპატენტის რიგი სერვისების საფასურის თაობაზეც. შეთანხმდნენ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ურთიერთთანამშრომლობისა და აზრთა შეჯერების საფუძველზე, საჭიროებისამებრ ჩაატარებენ საფუძვლიან ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიმუშავებენ შესაბამის წინადადებებსა და სამოქმედო გეგმას“, – აცხადებენ საქპატენტში.