საქპატენტი - 2023 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო ცხრა პოზიციით დაწინაურდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა 2023 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგი, სადაც საქართველო, შარშანდელთან შედარებით, ცხრა პოზიციით დაწინაურდა და 132 ქვეყანას შორის 65-ე ადგილზეა წარმოდგენილი.
საქპატენტის ინფორმაციით, ინოვაციების გლობალური ინდექსი (GII) 132 ქვეყანას აფასებს ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით.
„GII მიზნად ისახავს ინოვაციურობის ყოვლისმომცველ ანალიზს ორი ქვე-ინდექსის – ინოვაციური დანახარჯების (inputs) და პროდუქტების (outputs) გათვალისწინებით. თითოეული აგებულია ძირითადი კომპონენტების მიხედვით და შეფასება ეყრდნობა 80-მდე ინდიკატორს შვიდი თემატური კატეგორიის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მონაცემები 2023 წელს ორივე ქვე-ინდექსის შემთხვევაში გაუმჯობესდა.
გლობალური ინოვაციების ინდექსის 2023 წლის საქართველოს შედეგები აჩვენებს კონკრეტულ სფეროებში ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით ქვეყნის დაწინაურებას, რაც აისახება სხვადასხვა კომპონენტში ქულების გაუმჯობესებით“, – აღნიშნულია ინფორაციაში.
აქვე ნათქვამია, რომ ქვეყანამ წელს შვიდი ძირითადი კომპონენტიდან ექვსის მონაცემები საგრძნობლად გააუმჯობესა.
„მათ შორის ისეთი მიმართულებები, როგორებიც არის ინსტიტუტები/ინსტიტუციური მოწყობა, ბიზნესგარემო, ადამიანური კაპიტალი, ცოდნაზე და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტები, შემოქმედებითი/კრეატიული პროდუქტები და ინფრასტრუქტურა. გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) არის მსოფლიო ეკონომიკის ინოვაციური შესაძლებლობებისა და შედეგების რეიტინგი. გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) აფასებს მსოფლიო ეკონომიკებს მათი ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით. ის ავლენს მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ეკონომიკებს ქვეყნის საინოვაციო საქმიანობის ეფექტურობის ანალიზის საფუძველზე, ასევე აშუქებს ინოვაციების სფეროს ძლიერ და სუსტ მხარეებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.