„საქნახშირი“ - მინდელის შახტის ამწე-დანადგარის ექსპლუატაცია შეზღუდული არ არის
კომპანია „საქნახშირში“, მინდელის სახელობის შახტაზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ დამხმარე ჭაურის ამწე-დანადგარზე არაგეგმური ტექნიკური ინსპექტირების სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქნახშირი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, კომისიამ შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, მინდელის სახელობის შახტის ამწე-დანადგარის გამოყენება არ იკრძალება. არსებული ხარვეზები კი, გამოსწორებული უნდა იყოს სამუშაოს რეჟიმის პარალელურად, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში.
„ამწე-დანადგარის ექსპლუატაცია შეზღუდული არ არის, თუმცა შახტის თანამშრომლები მაინც უარს აცხადებენ მუშაობაზე. მიუხედავად შახტის განვითარების გეგმის არსებობისა, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის შეცვლას, მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას და ანაზღაურების ახალი სისტემით გაცილებით მეტი თანხის გამომუშავებას, თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ. კერძოდ, პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით, მათ კომპანიას ოფიციალურად მიმართეს დამსაქმებლისთვის დაწესებული 20% შეღავათის თანამშრომელთა ხელფასებზე გადანაწილებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. ვინაიდან სისტემურად არ სრულდება საწარმოო გეგმური მოპოვება, ხელფასების ნამატის გაკეთება შეუძლებელია, კომპანიას ამისთვის არანაირი ფინანსური საფუძველი არ გააჩნია.
აღსანიშნია, რომ პანდემიის პერიოდში (უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით), კომპანიამ არ გააჩერა მუშაობა და ძალიან მწირი მოპოვების მიუხედავად, ხელფასები შეუმცირებლად, დათქმულ ვადებში გაიცა. მეშახტეების ხელფასების ოდენობა შენარჩუნებულია იმ პერიოდიდან, როდესაც ქვანახშირის მოპოვება მაქსიმალურ ნიშნულზე იყო. ამ დროისთვის მოპოვება თითქმის 12 ათასი ტონით არის შემცირებული. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულებს კომპანია სახელფასო დანამატის სახით ურიცხავს 2019 წლის ინფლაციის მაჩვენებელს 4.9%-ის ოდენობით, რომელიც დასაქმებულთა ხელფასიდან იანგარიშება. ყოველივე ამის პარალელურად, „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა აგრძელებს შახტის განვითარების გეგმაზე აქტიურ მუშაობას და ინვესტიციების მოზიდვას.
თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები კი, უარყოფით ზეგავლენას ახდენს შახტის განვითარებაზე, თანამშრომლების წინსვლაზე და მომავალში, რეგიონის განვითარებაზე.
შეგახსენებთ, რომ მინდელის სახელობის შახტაზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ არაგეგმური ინსპექტირების სამუშაოები 10 ივნისს დაიწყო. ამის მიზეზი თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა გახდა. 9 ივნისს, მეშახტეებმა შახტიდან ამოსვლა ცვლის დასრულებამდე გადაწყვიტეს. ამ დროისათვის ე.წ. კლეტი ტვირთამწეობის რეჟიმში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იყო ჩატარებული სპეციალური შემოწმება (ამწე-მექანიზმის დათვალიერება და მოწესრიგება მიმდინარეობს ტვირთების ამოწევის დასრულების შემდეგ, ასევე ყოველი ცვლის ბოლოს, ახალი ცვლის ჩაშვებამდე და წინა ცვლის პერსონალის ამოყვანამდე). შესაბამისად, მისი გამოყენება თანამშრომლების გადასაადგილებლად არ შეიძლებოდა. საპირწონედ გამოსაყენებელი სატვირთო ლიფტი, რომელზეც ამ დროს იდგა ცარიელი ვაგონი, მწყობრიდან გამოვიდა და გამყოლებში გაიჭედა. მეშახტეები უვნებლად გამოვიდნენ დაზიანებული ლიფტიდან. იმავე დღეს მოხდა დროული რეაგირება და ლიფტის შეკეთება“, – აცხადებენ „საქნახშირში“.