საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, 30 ოქტომბერს თბილისში ღონისძიება გაიმართება
საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრებიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი პროექტის ფარგლებში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წამყვან ტუროპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართონ, გაიცნონ და პირადი კონტაქტები დაამყარონ მსოფლიოში ცნობილ ტუროპერატორებთან.
B2B პლატფორმის ფორმატში ღონისძიებას ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან და ინდონეზიიდან უმსხვილესი 34 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო უმასპინძლებს.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, 30 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოში აზიიდან და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას და სხვადასხვა ტიპის მასშტაბური ღონისძიების საქართველოში გამართვას.
ღონისძიების ფარგლებში ოთხი დღის განმავლობაში უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოინახულებენ, ადგილზე გაეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ქართულ ტურისტულ პროდუქტებს.