საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობით ივნისში რუსეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ
მიმდინარე წლის ივნისში, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა. ვიზიტორთა რაოდენობამ 116 357 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 27.5 პროცენტით მეტია. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 114 652 ვიზიტი, ანუ 10 პროცენტით მეტი.
საანგარიშო პერიოდში სომხეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 5.5 პროცენტით შემცირდა და 96 241 შეადგინა. თურქეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 14.7 პროცენტით გაიზარდა და 90 402 შეადგინა.
„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები 73 პროცენტი, ჩეხეთი 72 პროცენტი, გერმანია 63.6 პროცენტი, საფრანგეთი 44.3 პროცენტი, პოლონეთი 36.7 პროცენტი, გაერთიანებული სამეფო 32.5 პროცენტი, იტალია 27.2 პროცენტი და სხვა“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
მისი ინფორმაციით, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი 955.5 პროცენტით, ქუვეითი 395.8 პროცენტით, კორეის რესპუბლიკა 192.8 პროცენტით, არაბთა გაერთიანებული საამიროები 159.3 პროცენტით, ჩინეთი 92.3 პროცენტით, ხოლო ბელარუსიდან 56.9 პროცენტიანი ზრდაა.