საქართველოში უკრაინის ელჩი - მინდა, მივმართო რუსეთს, დაგვანებეთ თავი, საქართველოსა და უკრაინას თქვენი მეურვეობა არაფერში სჭირდება
საქართველოში უკრაინის ელჩი და უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ დოლგოვი ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას ევროპული დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების ღალატად აფასებს. იგი დარწმუნებულია, რომ ევროსაბჭოს პოლიტიკური ელიტა მალე გააცნობიერებს, რამხელა შეცდომა დაუშვეს.
„ის, რაც მოხდა სტრასბურგში, არის მოვლენა, რის გამოც შერცხვებათ ევროპელ დეპუტატებს, – მათ, ვინც რუსეთს მხარი დაუჭირა. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ ფაქტით, რომ საქართველო და უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან ერთად ამ სიტუაციაში ერთსულოვანია. რეალურად, ევროსაბჭოში რუსეთის ფედერაციამ 70 მილიონ ევროდ ინდულგენცია იყიდა, ქართველებისა და უკრაინელების დაღვრილ სისხლში ფული გადაიხადა. რუსეთმა გადაიხადა თანხა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაში, ყირიმის ანექსიაში, დონბასში მიმდინარე ომში. უკრაინის მოქალაქეები, მეზღვაურები დღესაც კი სასჯელს იხდიან რუსეთის ციხეებში უკანონოდ, ისინი ტყვეობაში არიან და რუსეთმა ამაში თანხა გადაიხადა, სისხლიანი ფული გადაიხადა“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ელჩის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ხმა რუსეთის დაბრუნებას იმ ქვეყნებმა მისცეს, რომელთა მთავრობების ნაწილი ახლოსაა ვლადიმერ პუტინთან.
„ეს ორგანიზაცია სამ ღირებულებას ეფუძნება – სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. დამისახელეთ რომელიმე ღირებულება, რომელსაც რუსეთი ატარებს?! არც ერთს, არც მეორეს და არც მესამეს დღევანდელი რუსეთის ფედერაცია არ აკმაყოფილებს. ევროსაბჭოს მხრიდან ეს არის ღალატი პრინციპებისა და ევროპული დემოკრატიის. შემთხვევითი არ არის, რომ ხმა რუსეთის დაბრუნებას იმ ქვეყნებმა მისცეს, რომელთა მთავრობების ნაწილი ახლოსაა ვლადიმერ პუტინთან, ხოლო წინააღმდეგ წავიდა ყველა ის ქვეყანა, რომელიც რუსული აგრესიის სამიზნედ სულ მცირე ერთხელ მაინც ქცეულა. ჩვენ ვიცით, ჩვენ გვესმის თუ რამხელა საშიშროება მომდინარეობს კრემლიდან.“ – განაცხადა იგორ დოლგოვმა.
რუსეთის ფედერაციისთვის ხმის უფლების დაბრუნების წინააღმდეგი იყვნენ საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო.
„თქვენ შესანიშნავად დაინახეთ, რა რეაქცია ჰქონდა ხალხს, როცა დუმის თავხედი დეპუტატი გავრილოვი საქართველოში ჩამოვიდა. მე მინდა მივმართო რუსეთს, არც საქართველოს და არც უკრაინას თქვენი მეურვეობა არ სჭირდება. თავი დაგვანებეთ, ჩვენ მივხედავთ ჩვენ საქმეს და სჯობს, შეგვეშვათ! არ გვჭირდება თქვენნაირი ე.წ. მეგობრები!“, – ამბობს უკრაინელი დიპლომატი.
იგორ დოლგოვისთვის ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების მოხსნის მხარდაჭერა.
„მე არ ვიცი, როგორ უნდა შეხედონ თვალებში საკუთარ ხალხს თუნდაც ნიდერლანდების დელეგაციის წევრებმა. მათ ფაქტობრივად მხარი დაუჭირეს იმ ქვეყანას, რომლის წაქეზებითაც სეპარატისტებმა 2014 წელს ბოინგი ჩამოაგდეს. ამ ბოინგში სწორედ ნიდერლანდების მოქალაქეები ისხდნენ. არასდროს დამავიწყდება, იმ ტრაგედიის დროს ბრიუსელში ვიყავი და ერთ-ერთმა ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა მითხრა, რთული დასაჯერებელია, მაგრამ იმ ბორტზე მყოფი თითოეული ჰოლანდიელი ჩვენი ნაცნობი ან მეგობარი ან ნათესავია, რადგან ნიდერლანდები ძალიან პატარა ქვეყანააო. არაფრით მესმის, როგორ დაუჭირა ამ ყველაფრის შემდეგ ამ ქვეყნის დელეგაციამ რუსეთისთვის სანქციების მოხსნას მხარი?!“, – განაცხადა დოლგოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.
ევროპის საბჭომ რუსეთის ფედერაციას სანქციები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა. რუსეთს ჩამოერთვა ხმის უფლება, ხოლო საწევროს გადაუხდელობის გამო, დავალიანებამ 70 მილიონ ევროს გადააჭარბა. რუსეთი ევროპის საბჭოს ორგანიზაციიდან გასვლით დაემუქრა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ანალიტიკური გამოცემა Foreign Policy-ის ექსკლუზიური წყაროდან ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭოში რუსეთისთვის შეზღუდვების მოხსნა განიხილებოდა, რის სანაცვლოდაც რუსეთმა დავალიანება უნდა დაფაროს.
რეზოლუცია, რომელიც რუსული დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენას ითვალისწინებს, ბელგიელმა სოციალისტმა დეპუტატმა წარადგინა. რეზოლუციას მხარი 118-მა დეპუტატმა დაუჭირა, 62 კი წინააღმდეგი იყო. პროტესტის ნიშნად, უკრაინისა და საქართველოს დელეგაციებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 9-საათიანი კენჭისყრის დასრულებისთანავე დატოვეს.