საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, იანვარ-სექტემბერში, 2,571 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2018 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,571 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 438 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოში ტურიზმით მიღებული ეკონომიკური სარგებელის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2018 წლის პირველი-მეორე კვარტლის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან 1,361 მილიონ აშშ დოლარზე ფიქსირდება, რაც 28.9 პროცენტით, 305 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2017 წლის ჯამური მონაცემებით კი, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 2.7 მილიარდ აშშ დოლარს (ზრდა 28.1 პროცენტი) შეადგენდა, რაც 594 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი-მეორე კვარტლის მონაცემებით, 7.1 პროცენტია.
ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2011 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 955 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, 2017 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 2011 წელთან შედარებით 183 პროცენტით გაზრდილია.
2012 წლიდან საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა შემდეგნაირია: 2012 წელი – 1,4 მლრდ აშშ დოლარი; 2013 წელი – 1,7 მლრდ; 2014 წელი – 1,8 მლრდ; 2015 წელი – 1,9 მლრდ; 2016 წელი – 2,1 მლრდ; 2017 წელი – 2,7 მლრდ აშშ დოლარი.