საქართველოში ტყის ხანძრების შვიდი კერაა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის შვიდი კერაა – სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარზე გავრცელებული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია 30-მდე მეხანძრე-მაშველი და სახანძრო ავტოტექნიკა.
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, მიმდინარეობს კერების სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზე მუშაობს 45 მეხანძრე-მაშველი.
სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინოს მიმდებარედ, ფერდობზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ტერიტორია არის სახანძრო ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე. დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი.
უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძრის კერებთან, ადგილებზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს.
ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, მოგიწოდებთ, იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით.
მხოლოდ ნოემბერში, საქართველოს მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 44 ფაქტი დაფიქსირდა. კახეთში 3, შიდა ქართლში 3, ქვემო ქართლში 9, სამცხე-ჯავახეთში 4, იმერეთში 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, რაჭაში 3, აჭარაში 3, გურიაში 1. ჯამში მათ სალიკვიდაციო სამუშაოებზე 1500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
მსგავს შემთხვევებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს. კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.