საქართველოში თურქეთის საელჩო პრესრელიზს ავრცელებს
საქართველოში თურქეთის საელჩო პრესრელიზს ავრცელებს

საქართველოში თურქეთის საელჩო პრესრელიზს ავრცელებს, რომელშიც მოყვანილია საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა სერენ იაზგანის მიმართვა.

თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზს უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 24 აპრილს სომეხთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა საელჩოსთან ისევე, როგორც ამას წინა წლებშიც აკეთებენ ყოველ 24 აპრილს. გასული წლების მსგავსად, ისინი წელსაც მოითხოვდნენ თურქეთის მთავრობისაგან, რომ აღიაროს 1915 წლის მოვლენები, როგორც „გენოციდი“. უფრო მეტიც, სხვა ქვეყნების სომხური დიასპორების რიტორიკის მსგავსად, თავიანთ სიმღერებში, სიტყვით გამოსვლებსა და სლოგანებში, მათ გაახმოვანეს მუქარა თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეურაცხყოფა მიაყენეს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელს მუსტაფა ქემალ ათათურქს.

იმავე დღეს, 23 აპრილთან დაკავშირებით, რომელიც თურქეთში ზეიმით აღინიშნება, როგორც ბავშვთა საერთაშორისო დღე, თურქეთის საელჩომ, თურქი ბავშვების მონაწილეობით, მოაწყო კონცერტი და მათ მიერ შესრულებული ნახატების მცირე გამოფენა მსოფლიო მშვიდობისა და მეგობრობის თემაზე.

საელჩოს მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ისმოდა მსოფლიოს ბავშვთა სიმღერები. მათ შორის იყო ორი სომხური სიმღერაც, ისევე როგორც თურქული, აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული საბავშვო სიმღერები.

საელჩოს ღონისძიების წინ ქართულ-სომხური მედიის ჟურნალისტმა მთხოვა, რომ ჩემთან ინტერვიუ ჩაეწერა. ამ ინტერვიუს ბმული ქვემოთაა მოცემული:

ინტერვიუში მე შევეხე იმ გზავნილს, რომელიც სოციალურ მედიაში გამოვაქვეყნე 2017 წელს მოკლული თურქი-სომეხი ჟურნალისტის, ჰრანთ დინქის მემკვიდრეობაზე დაყრდნობით.

Aliq media-სთვის მიცემული ინტერვიუდანაც ჩანს, რომ მე ხაზი გავუსვი ბავშვების ზეიმის გზავნილს, რომელიც იყო მშვიდობა და მოწოდება, რომ რეგიონის ყველა ბავშვს ჰქონდეს მშვიდობის პერსპექტივა.

საინტერესოა, რომ ჩემი სიტყვები Aliq media-სთვის მიცემული ინტერვიუდან არ აისახა ქართულ მედიაში.

მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ თქვენი გამოცემების მეშვეობით ქართულ საზოგადოებას მიეცემა ამ გზავნილის წაკითხვის შესაძლებლობა.

გზავნილი სოციალურ მედიაში:

„მინდა გაგიზიაროთ ჰრანთ დინქის შეხედულებები მისი სიტყვით ორი გამოსვლის დროს. ისინი თურქულ ენაზეა. აი შინაარსიც:

ის ამბობს, რომ თურქები და სომხები ერთმანეთის მედიკამენტები არიან.

ის ამბობს, რომ ორივე მხარისათვის საჭიროა, რომ გაიგონ ერთმანეთის სიამაყე და ტკივილი.

ის მოუწოდებს სომხურ დიასპორას, არ მიეჯაჭვოს სიტყვას „გენოციდი“, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ, როგორც სომეხმა, კარგად იგრძნო ხალხის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ის ეუბნევა თურქებს, რომ შეეცადონ გაიგონ სომეხთა ტრავმა.

ის იხსენებს საშინელ სიკვდილს ორივე მხარიდან, რომელიც დიდი ძალების იმპერიალისტური პოლიტიკით იყო გამოწვეული.

მის ძლიერ, ბრძნულ და ძვირფას გზავნილსა და მემკვიდრეობას პატივი უნდა მიეგოს.

ის მოკლეს.

ისევე, როგორც 1973-1984 წლებში ASALA & JCAG -ის მიერ მოკლულ იქნა 32 თურქი დიპლომატი და მათი ოჯახების წევრები ლოს ანჯელესში, პარიზში, ბეირუთში, ვატიკანში, ბელგრადში, ოტავაში, ჰააგაში, ათენში, სიდნეიში, ბოსტონში, ლისაბონში, ბრიუსელში, თეირანში, ეგრეთ წოდებული შურისძიების მოტივით ეგრეთ წოდებული გენოციდისათვის.

მე ვიცავ იმ მოსაზრებას, რომ ეს არ იყო გენოციდი. ეს იყო ძმათა მკვლელობა, ეს იყო დეპორტაცია პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელმაც ათასობით სიკვდილი გამოიწვია, მსხვერპლთა მოგონება დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

მ. ფილიპ პრაისი, ავტორი, „ომი და რევოლუცია აზიურ რუსეთში“, გამოცემული 1918 წელს. იგი, როგორც „მანჩესტერის გარდიანის“ კორესპონდენტი, თავის მოგონებებში იმ დროინდელ კავკასიაზე იხსენებს:

„ახლა ნათლად ვხედავ, რომ ბრალეულობა ომის მიერ გამოწვეული დანაშაულისა არ შეიძლება მხოლოდ ერთ მებრძოლ მხარეს დააწვეს… რაც უფრო საღად ვუყურებთ ფაქტებს და ვეცნობით ყველა მხარის დაზარალებულთა ისტორიებს, რასაც მე 18 თვის განმავლობაში ვაკეთებდი, მით უფრო ნათელი ხდება, რომ შეუძლებელია რომელიმე ერთ მთავრობას დასდო ბრალი“.

მე ვგლოვობ თითოეულ გარდაცვლილს, სომხებს, თურქებს, ქურთებს, რომლებიც იმ ომის შუაგულში აღმოჩნდნენ, რომელიც არ იყო მათი წამოწყებული.

მე ვიზიარებ ყველა იმ ოჯახის განცდებს, რომლებსაც მოუწიათ დაეტოვებინათ თავიანთი წინაპრების მიწა-წყალი. ესენი არიან მილიონობით მუსლიმები: ქართველები, თურქები, ალბანელები, ყირიმელი თათრები, რომლებიც დეპორტირებულნი იყვნენ თავიანთი წინაპრების მიწებიდან ანატოლიაში IXX-XX საუკუნეში.

მე ვგლოვობ 32 თურქ დიპლომატს.

მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ თურქი და სომეხი ბავშვები ერთ დღეს ერთად იზეიმებენ მშვიდობას და ისწავლიან ერთმანეთის ტკივილისა და სიამაყის პატივისცემას, როგორც ჰრანთ დინქმა მოგვიწოდა. მე სრულიად ვიზიარებ მის შეხედულებას, რომ არ უნდა დავუშვათ, რათა ამ მტკივნეულ მოგონებას სხვებმა გაუწიონ ექსპლუატაცია.

ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს დაიცვან თავიანთი, და ამავდროულად პატივი სცენ სხვისას. ჩვენ უნდა ვასწავლოთ თანაგრძნობა და არა სიძულვილი. ჩვენ უნდა დავუტოვოთ მათ მომავლის ხედვა და არა შფოთი თავიანთ წარსულზე. მათ არ უნდა დაივიწყონ, მაგრამ უწინარესად უნდა შეისწავლონ სრული სურათი, პროპაგანდის გარეშე. ალბათ ეს ჯერ არც ჩვენი თაობისათვისაა ძალიან გვიანი.

აი, ამიტომ გავხდი დიპლომატი.

მშვიდობას გისურვებთ“, – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.