ფატმა ჯერენ იაზგანი - თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და დღესაც იგივე პოზიცია გვაქვს, თურქეთი იქნება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი
ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა აგრძელებს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე სვლას, თურქეთი იქნება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა პირველ არხს განუცხადა.
როგორც ელჩმა განაცხადა, პრეზიდენტი ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკა და თურქეთის საგარეო პოლიტიკა ბოლო 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ელჩის თქმით, თურქეთი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.
„თურქეთის მთავრობა ყოველთვის ადასტურებს, რომ თუ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის დასჭირდება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით ტრენინგები ან სხვადასხვა სახის ღონისძიებები, თურქეთი ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს მას. თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და დღესაც იგივე პოზიცია გვაქვს. ჩვენ დღესვე გაგვიხარდება საქართველოს ნატო-ში ხილვა. ჩვენი პოზიცია არათუ არ შეიცვალა, არამედ უფრო გაძლიერდა, რაც განაპირობა რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა. ჩვენ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ვინაიდან ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა აგრძელებს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე სვლას, თურქეთი იქნება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი“, – განაცხადა იაზგანმა.