საქართველოში თურქეთის ელჩი - თურქეთში უფრო მკაცრი კარანტინია, ვიდრე საქართველოში, ეს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში გვეხმარება
საქართველოსთან თანამშრომლობით, ერთად გადავრჩებით, ეკონომიკის მუშაობასაც გავზრდით, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ქვეყნებს შორის საზღვრები ისევ გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის გამო, თურქეთში უფრო მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული, ვიდრე საქართველოში.
„ჩვენ გვქონდა შემთხვევების ზრდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ მთავრობის მტკიცე პოზიციების შედეგად გამკაცრებულია საყოველთაო კარანტინი. კარანტინი ჩვენთან უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოში, იქ არა მხოლოდ მანქანებზეა შეზღუდვა, არამედ ჩვენც არ შეგვიძლია გარეთ გასვლა. ეს „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში გვეხმარება.
მოსახლეობა თურქეთში არის დიდი, 80 მილიონზე მეტი და ჩვენ ძალიან გულწრფელები ვართ პანდემიასთან გამკლავების საკითხებში. ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი ყოველ ღამე აცხადებს ჩატარებული „პისიარ“ ტესტების რაოდენობას და მართალაც შთამბეჭდავი რაოდენობაა. ჩვენ უკვე ვიცით 19 000-მდე შემთხვევა, ეს პანდემიაა, ეს რთულია, მაგრამ ჩვენ მას ვუმკლავდებით. ჩვენს უფროს თაობას, ბებიებსა და ბაბუებს უფრო უარესებიც უნახავთ და გამოუვლიათ. ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობით ერთად გადავრჩებით, ეკონომიკის მუშაობასაც გავზრდით, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ისევ გაიხსნება ქვეყნებს შორის საზღვრები“, – განაცხადა ელჩმა.
ფატმა სერენ იაზგანი დღეს თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მიერ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემას დაესწრო.