საქართველოში თურქეთის ელჩი - საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველო არის ღირებული მოთამაშე
საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველო არის ღირებული მოთამაშე, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონია თუ არა თურქეთს პრაქტიკა, როცა საერთაშორისო წესების, საერთაშორისო ორგანიზაციების პატივისცემის გამო უმასპინძლა ქვეყანას, რომელიც მისი მეგობარი არ არის და როგორი იქნება მისი რჩევა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ჩვენთან, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაში შესაძლოა, ბევრ სხვა დელეგაციასთან ერთად ჩვენი დამპყრობელი ქვეყნის, რუსეთის დელეგაციაც ჩამოვიდეს ლავროვის ხელმძღვანელობით, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა, რომ თურქეთს აქვს ასეთი პრაქტიკა და ასეთი ნაბიჯი გადაუდგამს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ის ღირებული მოთამაშეა და მისი მთავრობა, პოლიტიკური ელიტა და ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„დიახ, რა თქმა უნდა, თურქეთს გადაუდგამს ასეთი ნაბიჯი. მე, მაგალითად, ვერ ვადარებ ჩემს ქვეყანას სხვა ქვეყანას, რას გააკეთებს სხვა ქვეყანა. ეს საქართველოს ეხება. საქართველოს მთავრობა და ხალხი ყოველთვის აჩვენებდა რეგიონულ ღირებულებებს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით. საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველო არის ღირებული მოთამაშე და ამიტომაც, ჩემმა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა და საქართველოს მთავრობა და ხალხი, მისი პოლიტიკური ელიტა, მთავრობა იქნება ეს თუ ოპოზიცია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, თურქეთისთვის კომპრომისი იყო თუ ბუნებრივი სურვილი რუსეთთან გაზსადენზე შეთანხმება, რომელსაც ბევრი კონკურენტ ნავთობსადენად მიიჩნევს, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა, რომ სამხრეთ ნაკადის პროექტი დასაწყისში არ გულისხმობდა თურქეთის მონაწილეობას და თურქეთმა განაცხადა თანამშრომლობის განზრახვის შესახებ, ხოლო რაც შეეხება კონკურენციას, ეს ჯანსაღი რამ არის.
„ჯანსაღი გახლავთ კონკურენცია მომხმარებლებისთვის; იგი სიჯანსაღეს გულისხმობს საცალო მოვაჭრეებისა და ბაზრისთვის. საბაზრო ეკონომიკისთვის საჭიროა კონკურენცია და წარსულში ჩვენ ბუნებრივი აირის მხოლოდ ერთი წყარო გაგვაჩნდა. სამხრეთ ნაკადის პროექტი დასაწყისში არ გულისხმობდა თურქეთის მონაწილეობას და თურქეთმა განაცხადა თანამშრომლობის განზრახვისა და მზაობის შესახებ, რათა ენერგომიმწოდებელთა უსაფრთხოება უზრუნველეყო და მარშრუტის დივერსიფიცირება მოეხდინა“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.