საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ არველაძე და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებაზე და მიმდინარე გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის უსაფრთხო და პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იქნა შემდგომი ნაბიჯები და ახალი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში.
„ჩვენ განვიხილეთ ტურიზმის პერსპექტივა იმ პოლიტიკურ და საერთაშორისო მოვლენების დროს, რაც ამჟამად ხდება ქვეყანაში. ვფიქრობ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ვგულისხმობ იმას, რომ აქ არის დემოკრატია, რაც გამოიხატება იმაში, რომ იმართება დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. ასევე, ჩემი აზრით, ზოგჯერ კარგი რაღაცეები სწორედ ცუდი რაღაცეებისგან გამომდინარეობს და განვითარებული მოვლენები არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ მოხდეს ტურიზმის წყაროების დივერსიფიკაცია. ტურიზმი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ამ ქვეყნისთვის. საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი, რადგანაც ის არის მშვენიერი ქვეყანა. ჩვენ ვართ ძალიან მოხარული, რომ თორმეტი მიმართულება იქნა ახლახანს დამატებული ქუთაისის აეროპორტიდან, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ცენტრში და თორმეტიდან სამი მათგანი არის იტალიაში: ვენეცია, ნეაპოლი და პიზა. სრულდება რომით, მილანითა და ბარით. ასე, რომ მეტი კავშირები, მეტი სწორი კავშირები, გაუმარტივებს ევროპელ და იტალიელ ტურისტებს, რომ მოინახულონ ეს ლამაზი ქვეყანა და ჩვენ ამაში მაქსიმალურ წვლილს შევიტანთ“, – განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.
თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, საქართველოში თურქი ტურისტების რაოდენობა იზრდება.
„ქართული ტურიზმი მზარდად ვითარდება, თურქი ტურისტების რაოდენობა საქართველოში იზრდება, ასევე იზრდება ინვესტიციები ტურიზმის სექტორში. ტურისტებისთვის საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ეს არის ქვეყანა სავსე აღმოჩენებითა და სიურპრიზებით. ვფიქრობ, თურქი ტურისტები ჩამოვლენ საქართველოში ზაფხულის პერიოდში. მათ ასევე, შეუძლიათ, თვალი მიადევნონ სოციალურ ქსელებში მიმდინარე კამპანიას, ჩვენ უკვე გავაზიარეთ რამდენიმე საიმიჯო კლიპი საქართველოს რეგიონების – კახეთის, სვანეთის, სამეგრელოსა და ბათუმის შესახებ. ეს შეხვედრა საინტერესო იყო და, რომ ვიყოთ გულწრფელები, როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“, – განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.