საქართველოში ტექბოლის პირველი ოფიციალური ტურნირი დაიწყო. 2018 წელს დაარსებული ტექბოლის ფედერაცია (რომლის პრეზიდენტიც რევაზ არველაძეა) დიდი ხანი მუშაობდა საორგანიზაციო საკითხებზე, მიიზიდა მოთამაშეები, გუნდებში პოპულარიზაცია გაუწია და პირველი სერიოზული ნაბიჯები გადადგა.
ტურნირი ე.წ. „მარაკანას“ სტადიონზე მიმდინარეობს და ერთეულთა და წყვილთა თანრიგში ტარდება. მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი წევრები, დავით თარგამაძე, გიორგი მანწკავა და სერგი მაჭარაშვილი. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდო.
დათო თარგამაძე: „ძალიან კარგია, ასეთი მასშტაბური ტურნირი რომ იმართება. ტექბოლი საქართველოსთვის ახალი სახეობაა, ფედერაცია ახალი ჩამოყალიბებულია და ხალხი ახლა ერკვევა, რა წესებით ტარდება. რაც შეეხება მონაწილეებს, ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან. ასეთი მასშტაბური ტურნირები ხშირად თუ გაიმართება და ბევრი მოანაწილე იქნება, მიმაჩნია, რომ დონე საგრძნობლად გაიზრდება და საერთაშორისო დონეზეც პერსპექტიული ბიჭები გამოჩნდებიან“.
რეზი არველაძე, ტექბოლის ფედერაციის პრეზიდენტი: „ჩვენი მიზანი ტექბოლის პოპულარიზაცია იყო და მიხარია, სახეობა უფრო და უფრო მასობრივი რომ ხდება. ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით. მონაწილეების და დაინტერესებული გუნდების რაოდენობაც გაზრდილია, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯებია და მონაწილეთა დონე საკმაოდ მაღალია “.
აჩი არველაძე: „სახეობა ნელ-ნელა ხურდება, დაინტერესებულთა და მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. პირველ ტურნირზე 16 გუნდი მონაწილეობს და ხარისხიც აშკარად გაზრდილია. რა თქმა უნდა, აუცილებელია პრაქტიკა და ნიუანსების ათვისება, რადგან სპეციფიკური თამაშია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ტექბოლს უფრო და უფრო მეტი ყოფილი სპორტსმენი და მოყვარული შეუერთდება“.