რევაზ არველაძე - კარგია, რომ კვირკველია „ნეფთჩიშია“, ვატოს ადაპტაციაში დაეხმარება #1TVSPORT
რევაზ არველაძე - კარგია, რომ კვირკველია „ნეფთჩიშია“, ვატოს ადაპტაციაში დაეხმარება #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ „აზერისპორტს“ შვილის, ვახტანგ არველაძის „ნეფთჩიში“ გადასვლასთან დაკავშირებით ესაუბრა.

„კმაყოფილი ხარ ამ ტრანსფერით? თქვენმა შვილმა თუ გაიარა თქვენთან კონსულტაცია, როცა შეთავაზება მიიღო?

– რა თქმა უნდა, მიხარია. ბუნებრივია, ეს საკითხი განვიხილეთ. თავად ვატომ იცის, რომ დღეს „ნეფთჩი“ აზერბაიჯანის ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული კლუბია, ადრე ძალიან ძლიერი იყო. საბჭოთა პერიოდში მათ წინააღმდეგ ვთამაშობდით.

– როგორ ფიქრობთ, ვატოს „ნეფთჩიში“ წარმატებული კარიერა ექნება?

– ის ყველაფერს გააკეთებს გუნდის დასახმარებლად და შეეცდება, კარგი კარიერა აიწყოს.

– „ნეფთჩიში“ კვირკველია თამაშობს. დაეხმარება თუ არა ეს ვატოს გუნდთან სწრაფად ადაპტაციაში?

– დიახ, ძალიან კარგია, რომ კვირკველიაც იქ თამაშობს. „ნეფთჩის“ რამდენიმე მატჩს ვუყურე და საბა უკვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მას შეუძლია ვატოს ყველა ასპექტში დაეხმაროს. ის უფროსია, ბიჭები კი კარგად იცნობენ ერთმანეთს, საქართველოს ნაკრებში ერთად თამაშობდნენ. მათ და „ნეფთჩის“ წარმატებებს ვუსურვებ. ყოველთვის მიხარია ბაქოში ყოფნა, რადგან იქ ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს. მათ ახლა უფრო ხშირად ვნახავ.

კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ნეფთჩიმ“ ავსტრიული „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა. როგორ აფასებთ პლეი ოფში გუნდის გასვლის შანსებს?

– ამ მატჩს ვუყურე. ძალიან მომეწონა გუნდი. „ნეფთჩიმ“ დამსახურებულად დაამარცხა „რაპიდი“. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ბოლოს გოლი გაუშვა. ნებისმიერ შემთხვევაში, „ნეფთჩის“ უპირატესობა აქვს. ჩემი აზრით, პლეი-ოფში გასვლის შანსები 60/40-ზეა. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ „ნეფთჩის“. და არა იმიტომ, რომ ვატო იქ თამაშობს. „ნეფთჩი“ შემდეგ ეტაპზე გასვლას ბაქოში ნაჩვენები თამაშით იმსახურებს“.