არჩილ არველაძე - იტალიაში ხვიჩას თავისუფლებას არ მისცემენ, მაგრამ მის ბენეფისს ველოდებით #1TVSPORT
არჩილ არველაძე - იტალიაში ხვიჩას თავისუფლებას არ მისცემენ, მაგრამ მის ბენეფისს ველოდებით #1TVSPORT

„დარწმუნებული ვარ, კვარაცხელია ასეც გააგრძელებს და როგორც „ტაიმაუტში“ ვთქვი, მისი ფასი ხუთმაგად და ექვსმაგად გაიზრდება“, – ასე შეაფასა საქართველოს პირველ არხთან აჩიკო არველაძემ სერია „ა“-ში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი.

საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში „ვერონასთან“ სადებიუტო შეხვედრაში (გასვლაზე – 5:2) თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

„უკეთეს დაწყებას ვერ ინატრებდი – გოლიც ძალიან მნიშვნელოვან დროს გაიტანა. ამას არაჩვეულებრივი ასისტიც დაუმატა. თანაც, ეს გასვლით მატჩზე მოხდა და ველოდებით, რომ წელს მისი ბენეფისი იქნება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ეროვნული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი არჩილ არველაძე.

საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი იმ სირთულეებზეც გვესაუბრა, რაც კვარაცხელაის იტალიაში დახვდება: 

„ყველა კარგ ფეხბურთელს ახალ კლუბში გადასვლისას ადაპტაციისთვის პერიოდი სჭირდება. მესი ამის ყველაზე კარგი მაგალითია. დრო მით უფრო სჭირდება ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც მაღალ დონეზე თამაშს ახლა იწყებს, მაგრამ „ვერონასთან“ კარგი დაწყება და კიდევ რამდენიმე მატჩი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“.

არველაძე იმედოვნებს, რომ კვარაცხელია ამ სირთულეებს დაძლევს: 

„რაც უფრო მალე მიაღწევს წარმატებას, მით უფრო ადრე გახდება თავდაჯერებული. პირველ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა ამაში დაეხმარება. ჩემი აზრით, „ნაპოლის“ წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება, რაც ხვიჩასთვის უკეთესიც უნდა იყოს, რადგან გუნდზე შარშანდელივით დიდი წნეხი არ იქნება და თავის გამოჩენის მეტი შანსი მიეცემა“.